ირანული არმიის ქართველი მეთაური
იმამ-ყული ხან უნდილაძე: ირანელ-ქართველი გმირისადმი პატივის მიგება სპარსეთის ყურის დღესთან დაკავშირებით
29 აპრილს აღინიშნება სამხრეთ ირანის კუნძულებიდან პორტუგალიელთა განდევნა, ირანული კალენდრის მიხედვით, ეს თარიღი ცნობილია, როგორც სპარსეთის ყურის ეროვნული დღე. ირანელები ამ დიდებულ დღეს, ყოველწლიურად აღნიშნავენ იმამ-ყული ხანის უდიდეს ღვაწლს და ვაჟკაცობას. იმამ ყული ხან უნდილაძემ, ქართული წარმოშობის სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ, სეფიანთა დინასტიის პერიოდში ფარსის პროვინციის მმართველმა, სპარსეთის ყურიდან პორტუგალიელთა განდევნაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. პირველი ძლიერი დარტყმა პორტუგალიელთა ჰეგემონიას იმამ-ყული ხანის მამამ, ალავერდი-ხანმა მიაყენა, რომელმაც 1602 წელს ბაჰრეინი პორტუგალიელი დამპყრობლებისგან გაათავისუფლა. მოგვიანებით ალევერდი ხანმა და იმამ-ყული ხანმა, ერთობლივი ძალებით, პორტუგალიელები ბანდარ აბასიდანაც განდევნეს. თუმცა, პორტუგალიელებმა ერთი საუკუნით ადრე დაპყრობილ კუნძულ ყეშმზე ციხესიმაგრის აშენებით ერთგვარი რევანში განახორციელეს. ყეშმს, კუნძულ ჰორმოზის დასაცავად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. 1622 წელს შაჰ-აბასმა გადაწყვიტა პორტუგალიელთა ბატონობისგან კუნძული ყეშმიც გაეთავისუფლებინა. იმჟამად სპარსეთის ყურეში იდგა ბრიტანული ფლოტიც. იმამ ყული-ხან უნდილაძემ, ირანის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ინგლისელებთან მოლაპარაკება გამართა. მათ სავაჭრო პრივილეგიების გაუქმებით დაემუქრა, ამავდროულად კი, ჯასქში, შირაზსა და ისპაჰანში ქარხნების გახსნის ნებართვა აღუთქვა. ეს ქარხნები 1615 წელს შაჰ-აბასმა გადასცა ბრიტანულ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას. ამ ნაბიჯით, იმამ-ყული ხანმა აიძულა ბრიტანელები მათთან ეთანამშრომლათ და მხარი არ დაეჭირათ პორტუგალიელებისთვის. საბოლოოდ, იმამ-ყული ხანმა შეძლო კუნძულზე პორტუგალიელთა ციხესიმაგრის დაპყრობა. კუნძულ ჰორმოზზე პორტუგალიელთა დანაყოფები 10 თვიანი ალყის შემდეგ ირანის არმიას დანებდნენ. ამით სპარსეთის ყურეში კუნძული ჰორმოზი პორტუგალიის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლდა. იმამ-ყული ხანის წინამძღოლობამ და სიმამაცემ, არა მხოლოდ ირანის სამხედრო წარმატებები განაპირობა, არამედ კიდევ უფრო გამოჰკვეთა და თვალსაჩინო გახადა ირან-საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული ურთიერთობები.