შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქ. აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
შალვა პაპუაშვილი ასევე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტო, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში მიღწევებს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო -სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებს. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელშიც, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი ექნება
photo: www.parliament.ge