MADE IN ITALY: პროდუქციის უდაო ხარისხი
იტალიის საელჩომ საქართველოში მოკლე პერიოდში უკვე რამდენიმე შთამბეჭდავი ღონისძიება შემოგვთავაზა. ამჯერად, იტალიური წარმოების ეროვნული დღე, რომელიც გამორჩეულ იტალიურ ნაწარმსა და კრეატიულობას ეძღვნება.
ხელოსნობიდან ტექნოლოგიურ ინოვაციებამდე, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარებიდან ავტომატიზაციის სისტემებამდე, სოფლის მეურნეობისა და ენოგასტრონომიული პროდუქციიდან ავტომობილებამდე, მოდასა და დიზაინამდე – იტალიური ნაწარმი სტილის, გემოვნებისა და ხარისხის სიმბოლოდაა აღიარებული. კონცეფცია „Made in Italy“ („დამზადებულია იტალიაში“) ნამდვილ სავაჭრო ნიშნად იქცა, რომელიც მხოლოდ წარმომავლობაზე კი არა, თვითმყოფად და განუმეორებელ იდენტობაზეც მიუთითებს.
იტალიური წარმოების დღე, რომელიც იტალიურ კრეატიულობასა და ნაწარმს ეძღვნება, აღინიშნება 15 აპრილს – დღეს, როდესაც ლეონარდო და ვინჩი, დიდი იტალიელი მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი და ინოვატორი და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი დაიბადა. ამ დღეს თბილისში, დიზაინის ინსტიტუტში გაიმართა იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო “იტალიური წარმოების, კულტურული მემკვიდრეობისა და ოსტატობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია“.
ღონისძიებას, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა. გაიმართება საქართველოში მომუშავე იტალიელი მეწარმეების პრეზენტაციები: დიზაინის ინსტიტუტის ლექტორი, ბრენდისა და შეფუთვის დიზაინერმა იაკოპო სალერი ისაუბრა დიზაინისა და ეტიკეტის როლზე ღვინის წარმოებაში; ვენეტოს რეგიონის მეღვინეობა Falezze-ს წარმომადგენელი დავით გუგავა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიღებულ გამოცდილება გაუზიარა; „მასტერშეფის“ ფინალისტი დიეგო ბუტილიონე, რომელმაც ქართული სატელევიზიო აუდიტორიის სიმპათია დაიმსახურა, სტუმრებს მრავალფეროვანი იტალიური სასურსათო პროდუქციის დეგუსტაცია შესთავაზა. გარდა ამისა, EliPlanet-ის დამფუძნებელი ლიკა კურტანიძე სტუმრებს ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურად სუფთა იტალიურ ნაწარმი გააცნო.
ღონისძიებაზე, რომელსაც იტალიის საელჩო სხვადასხვა სპონსორების დახმარებით ახორციელებს, იტალიის სიამაყედ ქცეული საავტომობილო წარმოება და მთელ მსოფლიოში ელეგანტურობისა და ხარისხის სიმბოლოდ აღიარებული იტალიური მოდაც იყო წარმოდგენილი: ღონისძიების სტუმრებს Alfa Romeo-ს ავტომობილების ექსპოზიცია და ცნობილი ფეხსაცმლის ბრენდი Geox-სა და 50-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი ისტორიული ბრენდი Replay-ს კოლექციები დახვდათ.