კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოება
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიის - „თამარი“ - რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია.
პრემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებასა და სამეცნიერო პერსონალის მიერ გაწეული შრომის ღირსეულად დაფასებას.
პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის საპატივსაცემოდ მიენიჭა.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ პრემია „თამარის“ საპრიზო ადგილის მფლობელები - პირველი ხარისხის პრემია - სოფიო რიგვავა; მეორე ხარისხის პრემია - მაგდა თორთლაძე; მესამე ხარისხის პრემია - ნინო მინდიაშვილი, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში - „გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის“ - ჟენევაში მოღვაწე ქართველი კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი და „ახალგაზრდა მეცნიერი“ - შენგელი კიკილაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ცნობისთვის, გასული 8 წლის განმავლობაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევით აქტივობაში:
• საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის 114 - Scopus-ისა და Web of Science Core Collection-ის ბაზებში;
• უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში;
• 40-ზე მეტი კვლევა განხორციელდა საერთაშორისო მეცნიერებთან თანამშრომლობით;
• მოპოვებულია საგრანტო დაფინანსება წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, მათ შორის: „ჰორიზონტი ევროპა“, CIF, DAAD;
• ბოლო სამ წელიწადში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვა 14 პროექტმა, მათ შორის არის 5 საგრანტო პროექტი ფუნდამენტური კვლევებისთვის;
• დაარსდა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც უკვე ინდექსირებულია ERIH PLUS-ისა და Index Copernicus-ის სამეცნიერობაზებში.
წლების განმავლობაში პრემია „თამარი“ მიენიჭა გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის სამეცნიერო პროგრესში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.