საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის შედეგები შეაჯამა
სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში" ჩატარდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.
სეოკ-ის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან აღნუშნა, რომ 2023 წელს საერთაშორისო შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამარჯვებებია მოპოვებული ძიუდოში, ძალოსნობაში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში, კრივში, ბატუტზე ხტომაში, ფიგურულ ციგურაობაში და არაერთ სხვა სახეობაში. მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებში და დისციპლინებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოვიპოვეთ 50-ზე მეტი მედალი.
წლევანდელი სპორტული შედეგებიდან სეოკ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო ქართველ ძიუდოისტთა შესანიშნავი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე, აგრეთვე მესამე ევროპულ თამაშებზე და უკვე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის ტატო გრიგალაშვილის აღიარება, როგორც ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტისა; ლაშა ტალახაძის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის სარეკორდო, მეშვიდე ტიტულები და მისი თითქმის ათწლიანი ლიდერობა მსოფლიო ძალოსნობაში.
სანდრო ბაზაძის დაწინაურება მსოფლიო რეიტინგის სათავეში, მისი აღიარება მსოფლიოს საუკეთესო მოხმლავედ და დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ვერცხლის მედალი ფარიკაობაში;
მოკრივეთა ისტორიული შედეგი - ერთბაშად სამი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე;
ბატუტზე მხტომელთა პირველი გუნდური მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე;
ტაეკვონდოში ზურაბ კინწურაშვილის სენსაციური გამარჯვება მესამე ევროპულ თამაშებზე;
ანასტასია გუბანოვას მიერ საქართველოს სახელით მოპოვებული ევროპის ჩემპიონის პირველი ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში;
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველი გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე;
ხელბურთელთა ეროვნული გუნდის მიერ პირველად მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური.
ჩვენი ლეგენდარული ტყვიის მსროლელის - ნინო სალუქვაძის უნიკალური და რეკორდული მიღწევა -ოლიმპიური თამაშების მეათე ლიცენზიის მოპოვება.
როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, სეოკ-ი ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, თავის მხრივ ყოველწლიურად იზრდება სპორტის ბიუჯეტი. სპორტის განვითარებისთვის ახლო წარსულში გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს ახლანდელს თუ შევადარებთ, დავინახავთ ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო სურათს: ქართული სპორტის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება, თანაც - დიდი მოცულობით.
მთავარი სპორტული სიმაღლე, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშებია. შესაბამისად, ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, ოლიმპიურ არენებზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება კი - ისტორიული მოვლენა.
სეოკ-ის აღმასკომის წევრად აირჩიეს ამ კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გოგიტა არქანია. აღმასკომის წევრად ასევე აირჩიეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ქალაქ გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე.
სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქანია, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სეოკ-ის იმერეთის რეგინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები - ლუკა კურტანიძე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი პავლე კასრაძე და საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ფალავანდიშვილი. სესიაზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია მიღებულ იქნა სეოკ-ის წევრად.
აღსანიშნავია, რომ გაიმართა სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.
www.geonoc.org.ge