2024 წლის ლიდერი ქალები
თბილისში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ეგიდით სასტუმრო „ბილტმორში“ რიგით მეცხრე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ნომინანტთა შორის არიან როგორც უკვე წარმატებული და საქმიანი ქალბატონები, ასევე სტარტაპერებიც, რომლებიც უკვე დაადგნენ წარმატების გზას.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კომპეტენტური ჟიურის მიერ ასობით ნომინანტიდან შეირჩა რამდენიმე, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით, გავლილი გზით, გამოცდილებით და განათლებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. მათ შორის ბიზნესის, განათლების, მედიცინის (ნომინტთა შორისაა პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია) და საზოგადოებრივი აქტივობის სფეროში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ხელოვნების სფეროს წარმოამდგენლები, რომლებმაც საქართველოს ფართოდ გაუთქვეს სახელი. ამჯერად ქართულ ებრაულ კულტურულ ურთიერთობებზე გამახვილდა ყურადღება და დაჯილდოებულ ნომინანტთა შორის არიან პოეტი პატრიცია დელონი, მომღერლები თამარ გვერდწითელი და ცისანა სეფიაშვილი.
„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დამფუძნებელმა ნათია შათირიშვილმა „GeorgiaPress“-თან ინტერვიუში აღნიშნა: „ჩვენი ორგანიზაცია 10 ათასამდე წარმატებულ ქალს აერთიანებს. მე-9 დაჯილდოების ცერემონიას სხვადასხვა სფეროს ლიდერი ქალები ესწრებოდნენ. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. ჩვენი მისიაა - დავეხმაროთ წარმატებული, ძლიერი ქალების რაოდენობის გაზრდას“.
დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად გაიმართა შშმ პირების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა არასრულწლოვანი პატიმრების საჩუქრებს მოხმარდება.