საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის საელჩოს ეწვია

2024-05-22
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაური ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწამეობრივ დაღუპვასთან დაკავშირებით.
"ღრმა მწუხარებით და დიდი გულისტკივილით ვიუწყებით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მოწამეობრივ დაღუპვას 2024 წლის 19 მაისს, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის დროს.
პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მდინარე არასზე კაშხლის გახსნის ოფიციალური ცერემონიიდან ბრუნდებოდნენ. მათ ცხოვრება მიუძღვნეს ხალხისადმი სამსახურს და წარუშლელი კვალი დატოვეს ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
ამ სამწუხარო ინციდენტის დროს ასევე მოწამეობრივად დაიღუპნენ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალექ რაჰმათი, თავრიზის პარასკევის იმამი მუჰამედ ალი ალ-ჰაშემი, პრეზიდენტის დაცვისა და ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები.
ირანის საელჩო ამ მწუხარების დროს, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ირანელ ხალხს. ჩვენ, როგორც მგლოვიარე ერი, ერთად ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა მემკვიდრეობას, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინსვლასა და კეთილდღეობას.
ამ მწუხარების დროს, ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ერთიანობა და მონდომება გარდაცვლილი ლიდერების გზის გასაგრძელებლად, ირანისა და ამ ქვეყნის ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვი".  

ბოლოს დამატებული სტატიები

მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის პრეზენტაცია

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეს მიაღწია

© 2024 ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress. ყველა უფლება დაცულია. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress-ის მასალების კოპირება, ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ჯეორჯიაპრეს-GeorgiaPress-ის დირექტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში მასალის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს. ჯეორჯიაპრეს GeorgiaPress პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე.