სომხური კულტურის დღეები თბილისში ანშლაგით გაიხსნა
საქართველოში სომხური კულტურის დღეები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის გალა-კონცერტით გაიხსნა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამატავამ.
თავის გამოსვლაში ელჩმა სმბატიანმა ისაუბრა სომხურ-ქართულ კულტურულ კავშირებზე და აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში სომხური და ქართული კულტურები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, წარმართულან დიალოგში და ურთიერთგამდიდრებულან. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს კავშირები არა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობაა, არამედ ცოცხალი ურთიერთობა, რომელიც ახალი კულტურული ინიციატივების მეშვეობით მუდმივად ვითარდება.
სომხეთის ეროვნულმა ფილარმონიულმა ორკესტრმა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ედუარდ თოფჩიანის ხელმძღვანელობით, მსოფლიოში ცნობილი ჩელისტის, ნარეკ ახნაზარიანის მონაწილეობით, შეასრულა ზაქარია ფალიაშვილის, ანტონინ დვორჟაკისა და არამ ხაჩატურიანის ნაწარმოებები.
კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული წრეების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სამხედრო ატაშეები და საქართველოში მცხოვრები სომხური თემის წარმომადგენლები.