თბილისი მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით. „მარეგულირებელ კომისიასთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირის პროექტთან - EU4Energy-სთან ერთად უმასპინძლოს კონფერენციას მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს განიხილონ ენერგოეფექტურობის საკითხები, თანამედროვე ტენდენციები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ხელი შეუწყონ ახალი მიდგომების დამკვიდრებას. საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს ენერგოეფექტურობის საკითხების სრულყოფას. მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ასევე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა. მნიშვნელოვანია ცენტრალური გათბობის მიმართულება, რასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოთხოვნები და მიდგომები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათი კლიმატური პირობებიდან და პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე. გათბობის სისტემებს სათბურის გაზების ემისიაში დიდი წვლილი შეაქვს. რეგულაციებით, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გავრცელებას გათბობის სექტორში, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ემისიები. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ეფექტური გათბობის სისტემების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს ენერგიაზე გადასახადები. მარეგულირებელი ორგანოების პრეროგატივაა აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდა, სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულების მონიტორინგი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგუილრებელთა საბჭოს გენერაკურმა მდივანმა მარა ბერზინამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.
კონფერენცია ტარდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში. EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ.